Wednesday, January 30, 2013
რეპერტუარი
შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ
დარისპანის გასაჭირი
ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი
კაცია-ადამიანი?!
ჰამლეტი
თორმეტი განრისხებული მამაკაცი
ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი
ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი
ნადირობის სეზონი
ვარსკვლავბიჭუნა
პრინცი ჰომბურგი
მოხუცი ჯამბაზები
სულიერი არსებები
,,ქარი მწყურია მე პირდაპირი"
ვარსკვლავები
მედეა ჩახავა (2006)
დაიბადა 1921 წლის 15 მაისს მარტვილის რაიონ სოფელ სერგიეთში.
1944 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1944 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.
მნიშვნელოვანი როლები:
ჯენევრა (,,ღრმა ფესვები”), მაშენკა (,,ზოგჯერ ბრზენიც შეცდება”), გაიანე (,,ჩაძირული ქვები”), მაიკო ორბელიანი (,,ნიკოლოზ ბარათაშვილი”), ეთერი (,,მისი ვარსკვლავი”), ლიდა პლახა (,,ადამიანებო იყავით გხიზლად”), ეფემია (,,პეპო”), გაიანე (,,რალატი”), ამარანტა (,,ესპანელი მღვდელი”), თინა (,,ტარიელ გოლუა”), კლარა (,,ფილოსოფიის დოქტორი”), სარე (,,ეზოში ავი ძაღლია”), იამზე (,,ამბავი სიყვარულისა”), ლიდა მატისოვა (,,როცა ასეთი სიყვარულია”), ოფელია (,,ჰამლეტი”), მარგარიტა (,,ფიროსმანი”), მელა (,,ჭინჭრაქა”), მარი ოქტომბერი (,,შეხვედრა”), ამანდა (შუშის სამხეცე”), მარიამი (,,გვადი ბიგვა”), კნეინა ჩიტუნია (,,გუშინდელნი”), მარია ხოსეფა (,,ბერნარდა ალბას სახლი”), რუსულის მასწავლებელი (,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), მარგარეტ (,,რიჩარდ III”), პუპლია (,,შორაპნელი ქალბატონები”).
რამაზ ჩხიკვაძე (2006)
დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში. 1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.
მნიშვნელოვანი როლები:
ლეანდრო (,,ესპანელი მღვდელი”), თამაზი (,,ხალისიანი მეგობრები”), მილორადი (,,ფილოსოფიის დოქტორი”), ვეფხია გაბიდაური (,,ამბავი სიყვარულისა”), პეტრი პეტრუსი (,,როცა ასეთი სიყვარულია”), ქოსა მრჩეველი (,,ჭინჭრაქა”), მეკი დანა (,,სამგროშიანი ოპერა”), ბ-ნი კასიანე (,,მზიანი ღამე”), თედო (,,ბებერი მეზურნეები”), აკოფ დარდიმანდიანცი (,,ხანუმა”), კირილე მიმინოშვილი (,,სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია (,,საბრალდებო დასკვნა”), ყვარყვარე (,,ყვარყვარე”), აზდაკი (,,კავკასიური ცარცის წრე”), რიჩარდი (,,რიჩარდ III”), რეჟისორი ბატონი გიორგი, გიორგი – თანამდებობის პირი და მირიანი (,,ვარიაციები თანამედროვე თემაზე”), ლირი (,,მეფე ლირი”).
კარლო საკანდელიძე (2008)
დაიბადა 1928 წლის 1 აპრილს ვანის რაიონ სოფელ ზედა ბზვანში. 1949 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1949-2010 წლებში. გარდაიცვალა 2010 წელს.
მნიშვნელოვანი როლები:
დიმიტრი ულიანოვი (,,ოჯახი”), გედეონი (,,ახალგაზრდა მასწავლებელი”), ამავე გოგია (,,ამბავი სიყვარულისა”), გიო (,,ტარიელ გოლუა”), გურამ შელია (,,ეზოში ავი ძაღლია”), კუკურია (,,საქმიანი კაცი”), ოსიკო ხარებაძე (,,შემოდგომის აზნაურები”), ქუჩარა (,,ყვარყვარე თუთაბერი”), ტრუფალდინო (,,ორი ბატონის მსახური”), ტოშეკი (,,როცა ასეთი სიყვარულია”), ჭინჭრაქა (,,ჭინჭრაქა”), ბუთხუზა (,,ბებერი მეზურნეები”), არისტო ქვაშავაძე (,,სამანიშვილის დედინაცვალი”), გლეხი და ქმარი (,,კავკასიური ცარცის წრე”), კეიტსბი (,,რიჩარდ III”), ლეონტი (,,სამიდან ექვსამდე”), ნოე (,,აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”), სკრუჯი (,,საშობაო სიზმარი”), ხალიჩებით მოვაჭრე (,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”).
ზინაიდა კვერენჩხილაძე (2010)
დაიბადა 1932 წლის 25 აგვისტოს თბილისში. რუსთაველის თეატრის მსახიობია 1951 წლიდან.
მნიშვნელოვანი როლები: სლავკა (,,ფილოსოფიის დოქტორი”), ლელა (,,ბახტრიონი”), ვარინკა (,,ფიროსმანი”), ლიზი (,,წვიმის გამყიდველი”), ტურა (,,ჭინჭრაქა”), ელიზაბეტ პროქტორი (,,სეილემის პროცესი”), დედა (,,მზიანი ღამე”), ანტიგონე (,,ანტიგონე”), ფედრა (,,ფედრა”), მედეა (,,მედეა”), ზეინაბი (,,ღალატი”), იოკასტე (,,ოიდიპოს მეფე”), კლეოპატრა (,,ანტონიოსი და კლეოპატრა”), ემილი დიკინსონი (,,ამჰერსტის მშვენება”), დედა (,,სისხლიანი ქორწილი”), მერი პოპინსი (,,მერი პოპინსი”), პონსია (,,ვთამაშობთ ჯინს”), ლიტერატურული კომპოზიცია ,,სხვა საქართველო”,
თამარი (,,მოხუცი ჯამბაზები”), მაკრინე (,,მზის დაბნელება საქართველოში”).
რუსთაველის თეატრის მუზეუმი
რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს ალექსანდრე ახმეტელის მხარდაჭერით დაარსდა, მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი თეატრის მსახიობი და ლიტერატურული ნაწილის გამგე ია ქანთარია გახლდათ. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები:
ხელნაწერთა განყოფილება – 8 ათასი ერთეული (აკაკი წერეთლის ხელნაწერი პიესისა ,,გელა”, სანდრო ახმეტელის სპექტაკლების სარეპეტიციო ჩანაწერები არჩილ ჩხარტიშვილის მიერ ).
ფოტო - ფონო განყოფილება – 35 ათასი ერთეული (მარლენ ბაბოვის, იური მეჩიტოვის და მედეა ოქიტაშვილის მიერ გადაღებული 16 ათასი ფოტო – ნეგატივი ასახავს რუსთაველის თეატრის მნიშვნელოვან შემოქმედებით მოვლენებს: პრემიერებს, გასტროლებს, შეხვედრებს, საღამოებს, გამოფენებს, დისკუსიებსა და სპექტაკლების საიუბილეო თარიღებს).
სახვითი განყოფილება – 3 ათასი ერთეული (ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, სოლიკო ვირსალაძის, გიორგი ალექსი-მესხიშვილის, მირიან შველიძის, თეიმურაზ ნინუას კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, მაკეტები).
აუდიო - ვიდეო განყოფილება – სანდრო ახმეტელის სპექტაკლების (,,ლამარა”, ,,ანზორ”, ,,ყაჩაღები”) ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერები, რუსთაველის თეატრის გასტროლები ლონდონში (1980წ.) ასევე მიმდინარე რეპერტუარის ვიდეომასალა.
კოსტუმები - სპექტაკლებისა: ,,ოტელო”, ,,ოიდიპოს მეფე”, ,,ხანუმა” ,,რიჩარდ III”, ,,კავკასიური ცარცის წრე” , ა. სუმბათაშვილ – იუჟინის უნიკალური თეატრალური სამოსი.
ბიბლიოთეკა – მდიდარი და მრავალფეროვანია. ფონდში დაცულია 4 000-მდე თანამედროვე და რარიტეტული გამოცემები, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე – თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, ისტორიის და რელიგიის შესახებ. ბიბლიოთეკაში ინახება პიესები (1500-ზე მეტი), მხატვრული ლიტერატურა – ჰაუპტმანის, ჰეინეს, გოეთეს,შილერის,შექსპირის, მეტერლინკის,მოლიერის რჩეულ ნაწარმოებთა კრებულები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები. ფონდში ინახება კერძო ბიბლიოთეკების გარკვეული ნაწილი ი. პიტოევის, მ. დარსკის, მ. თამამშევის, ალ. ახმეტელის, აკ. ხორავას, ე. აფხაიძის და სხვათა ავტოგრაფებით .
მუზეუმის ბიბლიოთეკაში მრავლადაა რარიტეტული გამოცემები: ივანე ბატონიშვილის ,,კალმასობა”ტფ.1896წ, ,,ვისრამიანი” ი.ჭავჭავაძის, ალ. სარაჯიშვილისა და პეტ. უმიკაშვილის რედაქტორობით, ტფ.1884წ. დ. ჩუბინაშვილის ,,ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი” ს/პეტ. 1840წ. რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი” გამოცემული გ.ქართველიშვილის მიერ 1888წ.……პ.ლაკრუას ,,ჩვევები და კოსტუმები”…პარიზი, 1875წ. (ფრანგ. ენაზე) ვ.დიუერის ,,საფრანგეთის ისტორია”1892წ.(ფრანგ. ენაზე), რ. გრაული ,,XVIII ს-ის დეკორი და ავეჯი”, ბერლინი,1905წ. (გერმ. ენაზე), ჟურნალ-გაზეთები: ,,ივერია”(1877-1886წწ), ,,ნიშადური” 1907წ. ,,THI STUDIO”1901,1902, 1908, 1910წლების გამოცემები, ,,LE THEATRE” 1901,1902,1903 წწ. ,, L’ ILLUSTRATION THEATRALE”1908,1909 ,1911, 1912წწ. ,, ЕЖЕГОДНИК ИМПЕРАТОРСКИХ ТЕАТРОВ” С,ПР. 1892-1902 ,, АРТИСТ “1889 , ,,ТЕАТР И ИСКУССТВО” С,ПР .1897.
ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური წიგნები, ისტორიული ღირებულების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ქართული თეატრის ისტორიის კვლევისთვის.
თეატრის ისტორია
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე.
1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი - გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .
1898 წელს გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი) საძირკველი ჩაეყარა ,,არტისტული საზოგადოების სახლს” (შემდგომ რუსთაველის თეატრს). 1901წ 7 თებერვალს გაზეთი ,,ივერია” იუწყებოდა : ,,6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული შენობა ტფილისის ,,საარტისტო საზოგადოებისა.” ამავე წლის 5 მარტს წარმოდგინეს ავქსენტი ცაგარელის ,,ხანუმა.”
თუ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ქართულ სცენაზე მსახიობთა თანავარსკვლავედი იდგა: ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ნატო გაბუნია, ლადო მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, კოტე და ეფემია მესხები, მეოცე საუკუნე რეჟისორ-ლიდერთა საუკუნე გახდა:
კოტე მარჯანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ,,სინთეზურ თეატრს”: სპექტაკლის იდეის გახსნას ემსახურება რეჟისურა, მსახიობთა ანსამბლი, სცენოგრაფია, მუსიკა, ქორეოგრაფია. მარჯანიშვილის სპექტაკლებმა, ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო” (1922წ.), ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში” (1923წ.), შექსპირის ,,ჰამლეტი” (1925წ.) კონსტანტინე მარჯანიშვილის ,,მზეთამზე”(1926წ.), წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული თეატრის ისტორიაში.
1930 და 1933 წლის მოსკოვის გასტროლებსა და საკავშირო ოლიმპიადებში მონაწილეობამ (,,რღვევა” (1928წ.), ,,ანზორ’’ (1928წ.), ,,ლამარა” (1930წ.), ,,თეთნულდ” (1931წ.), ,,ყაჩაღები” (1933წ.) ალექსანდრე ახმეტელს და თეატრს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ,,რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობი,” – კ. ფელდმანი.
XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა ალექსანდრე ახმეტელი თანამოაზრე გუნდთან ერთად, დახვრიტეს: ივანე აბაშიძე, პლატონ კორიშელი, ივანე ლაღიძე, ელგუჯა ლორთქიფანიძე, ია ქანთარია. გადაასახლეს: თამარ წულუკიძე, ბუჟუჟა შავიშვილი და ნინა ღვინიაშვილი.
ქვეყნისა და თეატრისათვის ურთულეს პერიოდში შ. აღსაბაძემ რუსთაველის თეატრში დადგა შექსპირის ,,ოტელო” (1937 წ.). ,,ხორავას ოტელო მხოლოდ კარგად შესრულებული როლი კი არ არის, არამედ თეატრალური მოვლენაა. . .” – ვლ. ნემიროვიჩ- დანჩენკო.
XX საუკუნის 50-იანი წლებში დიმიტრი ალექსიძე რუსთაველის თეატრში ტრადიციად ქცეული გმირულ-რომანტიკული მიმდინარეობის ერთგული დარჩა. ამ სტილის ნამუშევართა შორის გამორჩეული ადგილი სოფოკლეს ,,ოიდიპოს მეფემ’’ და დ. გაჩეჩილაძის ,,ბახტრიონმა’’ დაიკავა.
ამავე პერიოდში რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა განსხვავებული ხელწერისა და ინდივიდუალობის მქონე რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი. მან შემოიკრიბა ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი, რომელიც ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ,,შვიდკაცას” სახელით გაიცნო: მიხეილ თუმანიშვილი, მედეა ჩახავა, რამაზ ჩხიკვაძე, გიორგი გეგეჭკორი, ეროსი მანჯგალაძე, გურამ საღარაძე და ბადრი კობახიძე. სწორედ თუმანიშვილის სახელს უკავშირდება მცირე სცენის გახსნა სპექტაკლით ,,ჭინჭრაქა” (1963 წ.). თუმანიშვილის სპექტაკლებმა: ი. ფუჩიკის ,,ადამიანებო, იყავით ფხიზლად” (1951 წ.), ჯ. ფლეტჩერის ,,ესპანელი მღვდელი” (1954 წ.), პ. კოჰოუტის ,,როცა ასეთი სიყვარულია” (1959 წ.),” ჟ. ანუის ,,ანტიგონე” (1968 წ.) ახალი ფურცელი ჩაწერეს რუსთაველის თეატრის ისტორიაში.
სამოციანელთა თაობამ (რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გოგი ქავთარაძე, გიზო ჟორდანია . . .) თეატრში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრა. რობერტ სტურუას პირველი წარმატებული სპექტაკლი ა. მილერის ,,სეილემის პროცესია” (1965 წ).
70-იან წლებში გაჩნდა ცნება ,,რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრი”: ,,ყვარყვარე”, (1974 წ.), ,,კავკასიური ცარცის წრე”Y(1975 წ.), ,,რიჩარდ III” (1979 წ.). რეჟისორმა ასამდე სპექტაკლი დადგა რუსთაველის თეატრის სცენაზე, მათ შორის: ,,ხანუმა”, ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”, ,მეფე ლირი”, ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი”, ,,ლამარა”, ,,მაკბეტი”, ,,მერე რა რომ სველია, სველი იასამანი”, ,,ქალი-გველი”, ,,კაცია-ადამიანი?!”, ,,როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, ,,ჰამლეტი”, ,,სტიქსი”, ,,ნადირობის სეზონი”.
რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.
რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა.
Subscribe to:
Posts (Atom)